„ოცნება" მუშაობს, ზოგ შემთხვევაში აღკვეთის სახით პატიმრობა გადაადგილების შეზღუდვით შეიცვალოს

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ” 27 სექტემბერს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გადაადგილების შეზღუდვით შეიცვლება.

ცვლილებები სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსებში შედის.

კანონპროექტის ავტორი მიხეილ სარჯველაძეა. სარჯველაძევეა მისი ინიციატორი ქართული ოცნების რამდენიმე სხვა დეპუტატთან ერთად.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ ინიციატივას მხარს „სრულად უჭერს”.

ბრეგაძემ დღეს პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ეს საკანონმდებლო ცვლილება ციხეებში პატიმრების რაოდენობის შემცირების გზად დაასახელა.

„სასურველი იქნება, არ იყოს ამდენი პატიმარი. ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა. თუმცა, სასურველია, მეტად შემცირდეს. საინტერესოა, როგორ. თუ საუბარია ამნისტიაზე, ეს პარლამენტის კომპეტენციაა და შეგიძლიათ, ეს დაიინიციროთ​.

იმასაც გეტყვით, რომ ინიცირებულია კანონპროექტი აღკვეთის ახალი ღონისძიების შესახებ. ბატონ მიხეილ სარჯველაძეს აქვს ინიცირებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად მხარს ვუჭერთ საქართველოს პარლამენტს ამ ინიციატივაში. წინასწარი სამუშაოებიც დაწყებული გვაქვს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჩანაცვლდეს თავისუფლების შეზღუდვით, როცა ადამიანს შესაძლებლობა ექნება, იყოს სახლში პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად”. – თქვა რატი ბრეგაძემ.