„ოცნების" პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა დაზვერვის სამსახურის სუსთან გაერთიანებას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო დაზვერვის სამსახური სუსის მმართველობის სფეროში გადადის.

ცვლილება 1 ძირითად და 27 თანმდევ კანონს ეხება.

სახელმწიფო დაზვერვის სამსახური დამოუკიდებლად ოპერირებდა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარებოდა.

კანონპროექტით იცვლება უწყების სახელწოდება: დაზვერვის სამსახური სუსის საქვეუწყებო დაწესებულებად, ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ყალიბდება.

სააგენტო თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. ინიციირებული ცვლილებებით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

კანონპროექტებით ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

„დღეს მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, მეტიც, ეს ფუნქციები და ამოცანები მთელ რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციების, ამოცანებისა და მათი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების საერთო ორგანიზაციული და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას.

ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის გარდაქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად, რაც ხელს შეუწყობს ამ სამსახურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას და მათი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დამტკიცების შემდეგ კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ექსპერტები დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთებას და დაქვემდებარებას უარყოფითად აფასებენ.

ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, საქართველოს დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გააერთიანოს და მას დაუქვემდებაროს, საგანგაშოა.

„დაზვერვის სამსახურის შერწყმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, დიდი ალბათობით, გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის ეფექტიანობის კლებას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენას/ან სრულად გაქრობას და კვალიფიციური კადრების გადინებას. ეს, ასევე, საფრთხეს შეუქმნის დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რაც აისახება ინფორმაციის გაზიარების შემცირებაზე, კადრების გადამზადების შეჩერებასა და ნდობის ხარისხზე“, – განაცხადა „ჯეოქეისმა“.