„ოცნების“ პარლამენტში კომისიაზე არმისვლის გამო, პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ნიკა მელია თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 11 აპრილს იყო დაბარებული.

პროკურატურის დატოვების შემდეგ „ტვ პირველთან“ საუბრისას ნიკა მელიას არ უთქვამს, რას ითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით. რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„რაც უფრო გაიზრდება ინტენსივობა ივანიშვილის მხრიდან რეპრესიებისა და რეპრესიული ნაბიჯების გადადგმისა, მით უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხი ცვლილებებთან და არა უბრალოდ გამარჯვებასთან, არა უბრალოდ ივანიშვილის დამარცხებასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ცვლილებები, ცვლილებები უკეთესობისთვის, რომლებიც გარდაუვალია. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ამასთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც სჩადის, ყველაფერი არის აბსოლუტურად უკანონო. ყველა იმ ადამიანის, ვინც წლების განმავლობაში, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაერთნენ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, მათი გზები გადის დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, ე.წ. სასამართლოზე, ციხის საკნებზე, უსამართლოდ დაკავებული 50 პატიმარი და მეტი მიყურებს და მოკითხვა მათ, ეს ყველაფერი არის დროებითი“, – თქვა ნიკა მელიამ.

სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა გივი თარგამაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს – 20 000-ლარიანი, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს – 50 000-50 000 ლარიანი.