ოჯახის ინფორმაციით, გორში 2004 წელს გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი იპოვეს - IPN

პუბლიკა

გორში 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ 2004 წელს გორში გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძე – ბერძნიშვილმა დაადასტურა. ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაპოვნია ერთი ცხედარი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გორში, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მოგვიანებით, ფულის გამოძალვის ბრალდებით როგორც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, იაგო ნებიერიძე დააკავეს. თუმცა, ნებიერიძეს იმჟამად ბავშვის გატაცებაზე ან მკვლელობაზე ბრალი არ დაუმტკიცდა. მან სასჯელი მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა.

ზაქრო ბერძნიშვილის საქმის გარდა იაგო ნებიერიძე მთავარი ფიგურანტია 2018 წელს, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეში. გოგონას მკვლელობასა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში სწორედ იაგო ნებიერიძეს დაუმტკიცდა ბრალი, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

იაგო ნებიერიძემ 2018 წელს სამართალდამცავებთან განაცხადა, რომ წლების წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედერის ადგილსამყოფელი იცოდა და აღნიშნულ ტერიტორიად გორის კულტურისა და დასვენების პარკი მიუთითა. სამძებრო სამუშაოების შედეგად ცხედარს ვერ მიაკვლიეს.

IPN-ის ცნობით, იაგო ნებიერიძის დედა აცხადებს, რომ 2004 წელს გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი ოჯახს სწორედ ნებიერიძემ შეატყობინა.

LB loan image desktop LB loan image mobile