ომბუდსმენი „ღირსების მარშზე“ უწყებებსა და თანამდებობის პირებს მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, არსებული რისკების პრევენციისა და დაცვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით. ამასთან, აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები.

„წლებია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის მცდელობა ლგბტ+ თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ. ამის ფონზე, სახელმწიფო, ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, არასაკმარისი ღონისძიებებით და ზოგადი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება კი, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია.

ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება. ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ, “- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს; ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები.


Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი იქნება – „გამოდი სოლიდარობისთვის“.