ომბუდსმენის აპარატი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება ნიკოლოზ კაციას მიმართ პოლიციელების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე, – შესაბამისი წინადადებით აპარატმა პროკურატურას უკვე მიმართა.
როგორც აპარატის მიერ მომზადებულ წინადადებაშია აღნიშნული, ნიკოლოზ კაციას მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის ფარგლებში შესაძლო დანაშაული ვერ დადგინდება, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარეს სათანადო ინფორმაციის გამოთხოვისა და გამოკვლევის შესაძლებლობა არ მიეცა.
აქედან გამომდინარე, აპარატს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება კაციას დაკავების რეალური დროისა და ადგილის დადგენის, ასევე ოქმში სავარაუდო არასწორი ინფორმაციის განზრახ ასახვის შესწავლის მიზნით.
ნიკა კაციას ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, კაცია დააკავეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ტაქსით მგზავრობის დაწყების დროს, ტაქსის მძღოლის თანდასწრებით, რაც ბრალდების მხარის ვერსიისგან არსებითად განსხვავდება:
„ნიკა კაციას თქმით, 2024 წლის 7 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში და მოემზადა საპროტესტო აქციაზე წასასვლელად, ტაქსის ადგილზე მოსვლის შემდეგ გავიდა გარეთ, როდესაც ტაქსიში ჩაჯდა და მგზავრობა უნდა დაწყებულიყო, მოულოდნელად, მანქანაში ჩასხდნენ მისთვის უცნობი პირები, ხელები გადაუგრიხეს და არ აძლევდნენ განძრევის საშუალებას. ამასობაში, ტაქსის მძღოლს მიუთითეს დაეწყო მოძრაობა. ამავე პირების მითითებით, მძღოლმა მანქანა გააჩერა 115-ე საჯარო სკოლასთან, სადაც კაცია გადასვეს სხვა მანქანაში.
მის ირგვლივ ბევრი პოლიციელი მოძრაობდა, მიმართავდნენ ირონიულად და კითხვებს უსვამდნენ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. შემდეგ კი წაიყვანეს სკოლიდან დაახლოებით ხუთას მეტრში. კაცია ითხოვდა, რომ თუ მის ჩხრეკას აპირებდნენ, დაესწროთ მოწმე და არაფერი „ჩაედოთ“ მისთვის. ასევე, მოითხოვა ადვოკატთან და დედასთან დაკავშირება, რაზეც ირონიული პასუხები მიიღო. ამის შემდეგ დაიწყეს მისი ტანსაცმლის შემოწმება, რასთან დაკავშირებითაც კითხვის პასუხად განუმარტეს, რომ შეამოწმებდნენ და ერთ საათში გაუშვებდნენ. ვინაიდან, კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონდა, მართლაც შეექმნა რწმენა, რომ შემოწმების შემდეგ გაუშვებდნენ, რის შემდეგ მას ჩაუტარდა ჩხრეკა. ნიკოლოზ კაციას განმარტებით, ვინაიდან, კანონსაწინააღმდეგო არაფერი გააჩნდა და არც ჩხრეკის შედეგად ამოუღიათ რაიმე, ხელი მოაწერა ყველაფერს. ამის შემდეგ წაიყვანეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში”, – ამბობს ადვოკატი ნინო ლომინაძე.
რისი შესაძლებლობა არ მიეცა დაცვის მხარეს
ლომინაძის თქმით, ტაქსის მძღოლმა ადვოკატთან ნებაყოფლობით გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ სასამართლოში იქნებოდა დაბარებული, გამოცხადდებოდა.
დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მოწმის სახით მის გამოკითხვაზე, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ლომინაძის თქმით, დაცვის მხარემ ასევე მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდებულ ნიკოლოზ კაციას მიერ დასახელებული დაკავების ფაქტობრივი ადგილიდან 112-ის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღების თაობაზე. თუმცა სასამართლოს არცერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა.
ასევე, ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოთხოვნილი იყო ტაქსის აპლიკაციის მონაცემების ამოღება, თუმცა არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. ნიკა კაციას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.