ომბუდსმენი: ყველა დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ

პუბლიკა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს.

„სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს.

საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.