ომბუდსმენმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ამ საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა 2020 წლის 30 მარტს საკუთარი ინიციატივით დაიწყო, მოგვიანებით კი საქმის განხილვის პროცესში განმცხადებლის წარმომადგენლის სტატუსით ააიპ „საფარი“ ჩაერთო.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა.

საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, მოუწოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ/დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.


პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სექსუალური შევიწროება რეგულირდება, 2019 წლის 3 მაისს დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილება ოთხ კანონში შევიდა: შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

დღეს უკვე კანონმდებლობა განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების დეფინიციას, რომლის თანახმადაც სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.