ომის დანაშაულზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ - ბორელი

პუბლიკა

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის იმ ოკუპირებულ ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს, რომლებიც ახლა გაათავისუფლეს.

უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ შემზარავი სურათები, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებში დიდი რაოდენობით მსხვერპლს და განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ასახავს, გვაჩვენებს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის რეალურ სახეს. ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა კი ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება.

„რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილია მაშინ, როცა მათ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი ჰქონდათ. ისინი ოკუპაციის საერთაშორისო კანონს ექვემდებარებიან.

ისინი, ვინც ომის დანაშაული და სხვა სერიოზული ძალადობები ჩაიდინა, ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამხედრო ლიდერები მომხდარზე პასუხს აგებენ.

ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომის გატარებას, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს.

კერძოდ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ისევე, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ადამიანის უფლებათა ოფისის საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორსა და სამოქალაქო საზოგადოებას ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და შენახვაში.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მთელი მოსფლიოსთვის ამ მძიმე საათებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და, სწრაფად განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე.

პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“,- ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.