ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნა ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნა ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში და აქ მთავრობას უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება

„რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები. ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა. ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება“, – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, „ერთადერთი მიზანი, რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, „ნაციონალური მოძრაობას“, თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში. საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არის სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი“.

შეკითხვაზე, თუკი სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ მოხალისეებს უკრაინაში წასვლა, საქართველოდან რატომ არ არის შესაძლებელი მათი ჩასვლა უკრაინაში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში.

„ეს კეთდება სწორედ ევროპიდან, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას, ეს ნიშნავს სამხედრო ძალის ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, საქართველო უნდა გახდეს ცხელი ომის ნაწილი? ასე ფიქრობთ? ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე აწყობენ საქართველოში პროვოკაციებს, სურთ, საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, ამაზე პასუხისმგებელნი ვართ ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.