ონლაინმაღაზიები და საფოსტო კომპანიები ხელისუფლებას მიმართავენ

პუბლიკა

კომპანია „ონვეის” დამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვის ტექსტს აქვეყნებს, სადაც ინტერნეტმაღაზიებთან და საფოსტო კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საუბრობს.

წერილში ნათქვამია, რომ ინტერნეტ მაღაზიები და საფოსტო კომპანიები აცნობიერებენ თავიანთ როლს  საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ნაწილში და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში.

„ჩვენს მთავარ პრობლემას ამ ეტაპისთვის წარმოადგენს ის გაურკვევლობა, რომლის ფარგლებშიც გვიწევს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა სარეგისტრაციო ბმული არსებული ონლაინმაღაზიების შესამოწმებლად, ამ პროცესს მინიმუმ 5 სამუშაო დღე ესაჭიროება განსახილველად. ხოლო მოთხოვნის სიდიდიდან გამომდინარე, ეს ვადები კიდევ უფრო გახანგრძლივდება, რაც დააზარალებს მცირე და საშუალო ბიზნესებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში თვითდასაქმებულია. გარდა ამისა, შეამცირებს სახელმწიფოს შემოსავლებს, რომელიც ახლა განსაკუთრებით სჭირდება ქვეყანას ამ კომპანიების მიერ გენერირებული დღგ-ის სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორთა თქმით, გაურკვევლობას იწვევს ის ფაქტი, რომ კომპანიებს საქმიანობა არ ეზღუდებათ არცერთ კატეგორიაზე, მაგრამ ონლაინმაღაზიებისთვის შეზღუდულია გარკვეული კატეგორიის პროდუქციის ონლაინგაყიდვა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იმავე პროცედურებს გაივლიდნენ და იმავე სტანდარტებს დაიცავდნენ, რასაც იცავენ, მაგალითად, კანონით დადგენილი და დაშვებული კატეგორიები.

„განვიხილოთ ერთი მაგალითი: დადგენილების თანახმად, ონლაინმაღაზიებს  უფლება აქვთ, გაყიდონ სატელეკომუნიკაციო ტექნიკა, რომელიც იმავე პროცედურას გადის ონლაინმაღაზიის საწყობში, რასაც, მაგალითად, საბავშვო სავარძელი გაივლიდა, თუმცა ამ უკანასკნელის გაყიდვა ამ ეტაპისთვის არ არის ნებადართული მთავრობის 181-ე დადგენილების დანართი #2-ით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს დაბადებული ბავშვის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი და კანონმდებლობით დადგენილი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის – ბავშვის სკამის შეძენას მომხმარებელი ფიზიკურად ვერსად შეძლებს.

გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ უამრავი მცირე ბიზნესი არის შემოსავლის გარეშე დარჩენილი, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიძლება დარჩეს უმუშევარი. ისინი ელოდებიან თქვენს დროულ გადაწყვეტილებებს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ახლა მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ უცხოური ვებგვერდებიდან, როგორებიცაა: Amazon, Ebay, Alibaba და არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ პროდუქცია ქართული ინტერნეტმაღაზიიდან. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ფულადი სახსრები გაედინება ჩვენი ქვეყნიდან, მაშინ, როდესაც შეგვიძლია ჩვენი დანაზოგით ჩვენივე ეკონომიკა გავაძლიეროთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.