ოპოზიცია „გირჩის“ 7-პუნქტიან პირობას არ ეთანხმება | რა პოზიცია აქვს პარტიებს

პუბლიკა

რა შემთხვევაში შევა „გირჩი“ პარლამენტში – დღეს წარმოდგენილ 7-პუნქტიან გეგმას ოპოზიციური პარტიების წევრები აფასებენ.

მათთვის კომპრომისის მთავარი პირობა ვადამდელი არჩევნები და რურუა-მელიას გათავისუფლებაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ „გირჩი“ ცალკეული პუნქტის წარმოდგენით პარლამენტში შესვლის გამართლებას ცდილობს.

„ცალკეული საკითხის საბაბად გამოყენება იმისთვის, რომ შევიდნენ ივანიშვილის მიერ ძალადობით და მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით შექმნილ სტრუქტურაში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ, ეს, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

„ევროპული საქართველო“ და „ლელო“ მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების მთავარი საგანი შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უნდა იყოს.

„ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ძირითადი ჩარჩო-ხელშეკრულება უნდა იყოს  შარლ მიშელის მიერ დადებული 6-პუნქტიანი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ, ამ პუნქტების გარეშე სხვა საკითხებზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

„ექვსი პუნქტი არის ის მინიმალური პაკეტი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია, რათა ქვეყანამ შეძლოს უკუსვლის შეფერხება, პოლიტიკური მშვიდობის მიღწევა და მუშაობა, რომ წინ წავიწიოთ. არანაირი ახალი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, მით უმეტეს, ეს შვიდი საკითხი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „გირჩს“ მეტად თამამი ქმედებისკენ მოუწოდებს.

„იქ იმ პუნქტებში არის საკითხები, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ ერთმნიშვნელოვნად და ხელიც გვაქვს მოწერილი – ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა მოხდეს; ადამიანს ჰქონდეს უფლება, თვითონ შეარჩიოს რომელ მოსამართლესთან განიხილება მისი საქმე; რაიონული პოლიციის ხელმძღვანელების (შერიფების) არჩევა და .შ. ეს ქვეყნისთვის იქნება კარგი.

7 პუნქტის გამოცხადება და მერე ერთ-ერთის დაკმაყოფილებაზე თანხმობა, ჩემთვის ცოტა უცნაურად ჟღერს.

ვხედავ იმას, რომ „გირჩს“ უნდა პარლამენტში, მაგრამ წვალობს და რაღაცა გზებს ეძებს, უფრო თამამად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – აცხადებს ელისაშვილი.

„გირჩის“ ყოფილი თავმჯდომარე და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაგუნდელების პუნქტებს იწონებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წამოვა.

„კარგი პუნქტებია, მაგრამ მაგაზე შანსი არაა, „ოცნება“ რომელიმეზე წამოვიდეს, არც ერთზე არ წამოვა.  მაქსიმუმ, დაპირდნენ და მოატყუონ და გადააგდონ. მახსოვს, როდესაც მაგ 7-ის მაგივრად ერთი იყო, სრულად პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე და შემოვდიოდით და არ შეასრულა, ახლა უბრალოდ 6 პუნქტი დაამატეს და ასარჩევს აძლევენ მეტს. სინამდვილეში  ნებისმიერი ეგ პუნქტი, ნებისმიერი, რაღაც თვალსაზრისით გულისხმობს ძალაუფლების დათმობას ივანიშვილის მხრიდან და ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ჩამონათვალიდან უდიდესი ნაწილი საერთოდ არ შედის ხუთპუნქტიან გეგმაში. აქედან გამომდინარე ,,სტრატეგია აღმაშენებელი” მათ პოზიციას არ ვეთანხმებით – ასეთია სერგო ჩიხლაძის პოზიცია.

„რაცაა ჩამოთვლილი, მაგალითად, შერიფების არჩევა, ბუნებრივი ბარიერი და ა.შ. ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა მემორანდუმში ჩვენც გვაქვს ნახსენები და, სხვათა შორის, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის უმეტესობა, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, ეთანხმება იმავე სასამართლო რეფორმას. უბრალოდ, ეს არაა ის საკითხები, რომლებიც ამ შემთხვევაში განიხილება. ვფიქრობ, აცდენილია, მაგრამ ეს მათი პოზიციაა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


რა შემთხვევაში შეწყვეტს პარტია „გირჩი“ ბოიკოტს და შევა პარლამენტში? – ამ საკითხზე პარტიის წევრებმა საკუთარი პირობები და გეგმა თანამოაზრეებს უკვე გააცნეს.

„გირჩის“ გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია პარტიის გაზეთის „მეტი თავისუფლების“ სპეციალურ გამოშვებაში, რომელსაც ჰქვია „სამეფოს დაბადება“.

სტატიაში „გირჩის გზა“ მოცემულია ის 7 პირობა, რომელთაგან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი პარტიის წევრები მზად არიან, შევიდნენ პარლამენტში.

„შევწყვეტთ ბოიკოტს, თუ „ქართული ოცნება“  ქვემოთ ჩამოთვლილი 7 საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდება:

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლეს მას, არჩეული თუ დანიშნული;
  • ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
  • რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
  • მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.