ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, მათ არაფერი მოსწონთ - წულუკიანი კანონპროექტზე

პუბლიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ „ოცნების“ მთავრობამ გამჭვირვალობის ხაზი 2012 წელს აირჩია და ამ მიზნით თავის თავს მკაცრი წესებიც დაუწესა.

მისი თქმით, სახელმწიფო უწყებები წარადგენენ ქონებრივ დეკლარაციებს და ფინანსურ დოკუმენტებს, NGO-ების გამჭვირვალობისთვის არც ერთი კანონი არ შემუშავებულა. მინისტრმა გამოთქვა ეჭვი, რომ მათთან „არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე კულტურის სამინისტროში“.

„არცერთი კანონი დღემდე არ ყოფილა შემუშავებული არასამთავრობო სექტორისა და კერძო სტრუქტურებისთვის, ისეთი როგორიც არის ე.წ. აიპები, ჩვენ რომ „ენჯეოებს“ ვეძახით, მათი მეტი გამჭირვალობისათვის. არადა, ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე. ახლა თუ ვინმე ჩვენ გვიქადაგებს გამჭვირვალობას და თვითონ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს მათი პრობლემაა, მათ უნდა აუხსნან ხალხს, რაში აქვთ პრობლემა, რამე ხომ არ აქვთ დასამალი. მგონია, რომ არაფერია არსად დასამალი, ამიტომ გამჭვირვალობა ჯანსაღი თანამშრომლობის საუკეთესო საწინდარია.

ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში. მე მხოლოდ შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს კანონპროექტი მათ შეიძლება იმიტომ არ მოსწონდეთ, რომ ფიქრობდნენ, რაღაცის გამჭვირვალობა პროექტის თუ მიმართულების გამომზეურება შექმნის ალბათ რაღაც უხერხულობებს, არ ვიცი, მაგრამ ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მთავარი არის გენერალური ხაზი, რომელიც აირჩია ჩვენმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა საკუთარი თავისთვის გამჭვირვალობის მიზნით მკაცრი წესების დამკვიდრება დაიწყო. ამიტომ, ჩვენ ალბათ უფრო მშვიდად უნდა შევხვდეთ ხოლმე ასეთ რაღაცებს, როდესაც არასამთავრობო სექტორში ხარ და სხვას მოუწოდებ მეტი გამჭვირვალობისკენ. ის ფული, რომელიც არასამთავრობო სექტორში შედის, ხალხის ფულია. ასევე, გადასახადების გადამხდელის ფულია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იქაც არის ელემენტარული გამჭვირვალობა საჭირო“, – განაცხადა წულუკიანმა.

მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.