ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება - ეზუგბაია ასაკოვან პაციენტზე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტიდან 42 ინფექციურ საავადმყოფოში წევს, 31 კი გადანაწილებულია covid 19-ის მიმღებ 5 საავადმყოფოში.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, მისი თქმით, მათ კლინიკაში ყველაზე მძიმე პაციენტს, ასაკოვან ქალს სეფსისის დიაგნოზიც დაუდასტურდა.

„ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელზეც ვსაუბრობთ ხოლმე, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკისა და თანდართული ნევროლოგიური დაავადების გამო. პარალელურ რეჟიმში აქვს გულსისხლძარღვთა დაავადება.

შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს – უკვე ორმხრივ პნევმონიასთან ერთად მასთან სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება. მიმდინარეობს მისი მკურნალობა.  წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება”, – აცხადებს ეზუგბაია.


stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 73-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.