ოროზმანში აღმოჩენილ კბილზე წულუკიანმა პირველი განცხადება გააკეთა

პუბლიკა

„ბატონმა ალეკომ კითხვა დასვა ასე: ყველა ამაზე საუბრობს, BBC და Reuters-იც და თქვენ ამაზე არ საუბრობთო. ჯერ ეს ერთი, მე არა ვარ არც BBC და არც Reuters, ამ ქვეყანაში BBC  არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და Reuters არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველაზე ძალიან მაგარი არხი არის „მთავარი“ და ერთმაც გააშუქა და მეორემაც, საკმაოდ მსუყედ, მე მათ ვერ ჩავანაცვლებ“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოროზმანის აღმოჩენაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.

დეპუტატი დაინტერესდა, მაშინ, როცა მსოფლიო პრესაც კი ამ აღმოჩენაზე საუბრობს, რატომ არ იმჩნევს მას კულტურის სამინისტრო.

ცნობისთვის, არქეოლოგებმა ოროზმანში 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში კბილის აღმოჩენის შესახებ განცხადება 8 სექტემბერს გააკეთეს, კულტურის სამინისტროს კი ინფორმაცია ამის შესახებ დღემდე არ გაუვრცელებია.

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ კბილი აღმოაჩინა ექსპედიციამ გათხრების დროს, რომლის ნებართვაც სამინისტრომ გასცა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი.

„კბილი ამ მართლაც არაკომპეტენტურებმა კი არ აღმოაჩინეს, კბილი აღმოაჩინა ერთმა უცხოელმა სტუდენტმა და არქეოლოგიური გათხრა, თუკი მასში მონაწილეობა ოდესმე მიგვიღია, ვიცით, რომ ვის შეხვდება აღმოჩენა არ ვიცით ექსპედიციაში, შესაბამისად, ეს არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული პირის აღმოჩენა, ეს არის ექსპედიციის აღმოჩენა, რომლის გათხრებზე ნებართვა გავეცით ჩვენ. გავეცით ნებართვა იმიტომ, რომ ვთვლიდით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ვერ ვხვდები, რა არის საყვედურის შინაარსი“, – განაცხადა მან.

კულტურის მინისტრის განცხადებით, ოროზმანში აღმოჩენილი კბილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსპექციამ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ტანსაცმლის კარადაში იპოვა.

„ბატონო ალეკო, მე თქვენ როგორც კულტურის მოამაგეს, ასე გიცნობთ. თქვენ კომპეტენტურად თვლით ადამიანს, რომელიც იყო და არის ჯერ კიდევ ამ ექსპედიციის წევრი და როდესაც ეს კბილი გახლავთ, ვინც არ იცის, მათთვის რომ ავხსნათ, უძველესი ადამიანის კბილი, ამოიღეს, პრეზენტაცია გააკეთეს და ამ ადამიანმა ეს კბილი წაიღო სახლში.

ტელევიზიით რომ აჩვენეთ და „ფორმულას“ რომ ათქმევინეთ, რომ აი, ნახეთ, მე კბილი აღმოვაჩინე და ვარ კომპეტენტური? ეს არის შოუ, იაფფასიანი პოლიტიკური შოუ. და რომ ვკითხულობ, რომ ასეთი აღმოჩენა თუ გაკეთდა, სად არის? მუზეუმში შემოტანილი არ არის. პარალელურად ვიცით, რომ ეს ის მუზეუმია, რომლის თანამშრომლებსაც, ზოგიერთს, რომელიც ახლა უკვე გარეთაა, სამი ათასამდე ექსპონანტი აქვს დაკარგული, რა თქმა უნდა, მე ვარ ყურადღებით. კულტურული მემკვიდრეობის გენერალურმა ინსპექციამ კონკრეტული პირის სახლიდან ამოიღო ეს კბილი, ტანსაცმლის კარადიდან. ეს კომპეტენტურობაა? არ მგონია, რომ თქვენ მეტყვით, რომ ეს კომპეტენტურობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის მტკიცებით, მას არ გაუთავისუფლებია არც ერთი კომპეტენტური თანამშრომელი, გაათავისუფლეს არაერთი არაკომპეტენტური თანამშრომელი.


ნიკა ვანიშვილის სახლში კბილის აღმოჩენის შესახებ დღეს განმარტება გაკეთდა.

„კბილი უნდა განთავსებულიყო განსაკუთრებით დაცულ გარემოში – სეიფში, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მე მარტო ვიყავი პალეონტოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, სეიფის გადატანა ისეთ ოთახში, რომელიც უფრო მყარი იყო, სეიფის სიმძიმიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს კბილი ერთი ღამით, 19 სექტემბრის საღამოდან 20 სექტემბრის დილამდე, დამეტოვებინა ჩემს საველე ზუგრჩანთაში, შესაბამის ჯიბეში, სადაც ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ დავაბრუნებდი პალეონტოლოგიის ინსტიტუტში, დილით, სადაც მოვათავსებდი კოლეგების დახმარებით ამ სეიფს უსაფრთხო ადგილას და ჩავკეტავდით იმ სეიფში, სადაც ის იქნებოდა უსაფრთხოდ“, – განმარტა ნიკა ვანიშვილმა.

ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, კბილი მუზეუმშია განთავსებული.