პაატა იმნაძე პირს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, მაღალი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის

პუბლიკა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც კვირას იტალიიდან შემოვიდა საქართველოში. აეროპორტში მას სიმპტომები არ აღმოაჩნდა და მოგვიანებით თვითდინებით მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში. მისივე თქმით, ამ პირთან თვითფრინავში შემხებლობაში მყოფ პირთა რაოდენობა დადგენილია და ასეთი დაახლოებით 20-მდეა.

კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევაზე კომენტარი ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ინფიცირებულმა მაღალი თვითშეგნება გამოიჩინა და თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„დიდი მადლობა ბოლო შემთხვევას. ძალიან გაგვიადვილა სამუშაო. თვითიზოლაციაში იყო ჩამოსვლის შემდეგ. თვითფრინავის კონტაქტები უკვე დადგენილია, როგორც გითხარით. ადამიანი თვითშეგნებით იყო. ჩამოვიდა თუ არა, იყო სახლში თვითიზოლაციაში და მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამავე ბრიფინგზე ცენტრის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იტალიიდან ჩამომსვლელებზე და განაცხადეს, რომ აეროპორტში სიმპტომების არქონის მიუხედავად, ისინი თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.