PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს რუსული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს რუსული კანონი.

განცხადების მიხედვით, ეს მოწოდება ემყარება ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრებას ამ კანონზე.

„ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ავტორიტეტული სამართლებრივი არგუმენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ცალსახა დასკვნაშია ასახული, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, არ დაიძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს ეს კანონი, როგორც ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით არის გათვალისწინებული“, – აცხადებენ ისინი.

განცხადების ავტორები წერენ, რომ როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ასახული, საქართველოს აქვს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას.

თანამომხსენებლების აზრით, შესაძლებელია, ხელისუფლება ფოკუსირდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებაზე, თუ ამის ობიექტური საჭიროება არსებობს, ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან ამ თემაზე საქართველოსთვის მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში“, – აღნიშნეს მათ.

ამავე განცხადების მიხედვით, ასამბლეა 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე გამართავს მიმდინარე საკითხებზე დებატებს საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ.