პანდემიის დროს მოქალაქის ჩამოყვანა მხოლოდ აეროპორტში დახვედრა არ არის - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიხელ სააკაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, თვითმფრინავებისა და რეისების პრობლემა კი არ დგას, არამედ საკითხი უკავშირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებას.

„ყველა ქვეყანა იღებს და აბრუნებს თავის მოქალაქეებს ისე, რამდენადაც აქვს ამის მზადყოფნა და ამას აკეთებს ისე, რომ სხვა მოქალაქეებს არ შექმნათ საფრთხე.

მე მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს 5000-ზე  მეტი თანამოქალაქე ჰყავს დაბრუნებული და თუ შეადარებთ სხვა ქვეყნის მონაცემებს, მოსახლეობაზე გადათვლით, ნახავთ, რომ  ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელმაც ყველაზე მეტი მოქალაქე დააბრუნა განსაზღვრულ პერიოდში”, – აცხადებს თალაკვაძე.

მან მაგალითად მოიყვანა აშშ, რომელსაც, მისი თქმით, 50 000 მოქალაქე ჰყავს დაბრუნებული საზღვარგარეთიდან. ეს კი,  თალაკვაძის განცხადებით, აჩვენებს, რომ საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ჰყავს ჩამოყვანილი ქვეყანაში.

„ყოფილ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ მოქალაქის ჩამოყვანა კორონავირუსისა და პანდემიის პირობებში მხოლოდ ჩამოყვანა კი არა არის, აეროპორტში დახვედრა კი არ არის,  აქ არის მთელი რიგი ღონისძიებები, დაწყებული თვითმფრინავის ეპიდუსაფრთხოებიდან, დამთავრებული ჩამოყვანის მერე ამ ადამიანების უზრუნველყოფით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფოს რესურსები არ ენანება მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად და თუ ვინმეს სპეკულაცია სურს, თალაკვაძის თქმით, თანხა სახელმწიფო დახმარების ფონდში ჩარიცხოს.