პანდემიის პირობებში ოკუპირებილ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია - DRI

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ოკუპირებილ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია. გალის და ახალგორის კლინიკებს დღემდე არ გააჩნიათ როგორც COVID-19 ინფექციის დიაგნოსტიკის, ასევე პირველადი აუცილებლობის სადეზინფექციო საშუალებები.

DRI-ის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო უწყებამ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო ორი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და ტუბ დისპანსერში გადაანაწილა, სადაც სამომავლოდ COVID-19 ინფექცია დადგენილი პაციენტების მკურნალობას გეგმავს.

„თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი გალის რაიონულ საავადმყოფოზე და მის პერსონალზე, რომელიც დაახლოებით 25000 ადამიანს ემსახურება. ის თავის მხრივ საჭიროებს, როგორც სამედიცინო აპარატურულ განახლებას, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო საშუალებებით მომარაგებას, რათა მოხერხდეს ადგილზე სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევების და პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“, – აცხადებს DRI

ორგანიზაციის ინფორმაციით, გალის ცენტრალური საავადმყოფოს პერსონალს ვირუსთან გამკლავების შესახებ დღემდე არანაირი რეკომენდაცია ან რაიმე სახის აღჭურვილობა არ მიუღია, ასევე არც მომართვიანობით ან ეპიდემიოლოგიური სტატისტიკით დაინტერესებულან.

„მეორე მხრივ, საგანგაშოა, რომ გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობის უმეტესობას დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19 სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელია, ისინი სოხუმის კლინიკებმა ვერ მიიღონ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის პირობებში, სამედიცინო საჭიროების მქონე პირები ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ გადმოსვლას, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გალის საავადმყოფოს პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფა“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ვითარებაა ოკუპირებულ ახალგორში, სადაც ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში ხუთი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის, ერთი პაციენტი ახალგორის საავადმყოფოს სამშობიაროს ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც საკარანტინო სივრცე შვიდ პაციენტზეა მოწყობილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, არც საავადმყოფოში და არც კონკრეტულად ბოქსირებულ პალატაში არ ხდება სანიტარული ნორმების დაცვა; საავადმყოფოში ამ დრომდე არ ჩატარებულა სადეზინფექციო სამუშაოები; სამედიცინო პერსონალი, რომელსაც განთავსებულ პაციენტთან აქვს კონტაქტი, პირბადეების და სპეციალური ეკიპირების გარეშე გადაადგილდება. მათ ამ დრომდე არ გააჩნიათ ანტიბაქტერიული, სადეზინფექციო და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი საშუალებები.

DRI მიესალმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს „ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას“ და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული სირთულეების გათვალისწინებით, პანდემიის პირობებში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასამარტივებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა დახმარების გზავნილის დე ფაქტო უწყებებთან მისატანად. გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად მნიშვნელოვანია დამატებითი მექანიზმების შემუშავება, მათ შორის, გალის და ახალგორის კლინიკების პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო საშუალებებით უზრუნველსაყოფად ყველა არსებული რესურსის და საკომუნიკაციო არხის გამოყენება.