პაპუაშვილი: EU-ის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი იყოს

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ავრცელებს ანტიდასავლურ, ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებას და ამბობს, რომ „ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს“.

პაპუაშვილი აპელირებს გერმანიის ინიციატივაზე, რომელიც ქვეყანამ 2026 წლის მაისში წამოაყენა და რომლის თანახმადაც, უნდა გაუქმდეს წესი, რომლის საფუძველზეც ევროკავშირში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. წევრი ქვეყნები ჯერ ამ ინიციატივაზე შეთანხმებულები არ არიან.

პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ევროკავშირი ამ ინიციატივაზე თანხმობის შემთხვევაში „თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა“.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ამ შემთხვევაში პატარა ქვეყნები ვერ შეძლებენ სასიცოცხლო ინტერესების დაცვას“ და „საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე“.

„სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად.

დიდი სახელმწიფოებისთვის ასეთი მოდელი შესაძლოა ხელსაყრელიც იყოს, ვინაიდან მათი ზომა, ეკონომიკური წონა და პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისედაც მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს. მაგრამ პატარა ქვეყნებისთვის ეს კატასტროფული ცვლილება იქნება.

ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?

…წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.