პაპუაშვილი: სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ასოცირების შეთანხმებას, ამ განაცხადსაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„რაც შეეხება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, როგორც იცით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, რასაც ოპონენტები ირონიულად უყურებდნენ სულ რამდენიმე დღის წინაც კი.

დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. მთავარი არის ის, რომ ეს საქართველოს განაცხადია. სიმბოლურია, რომ ისევე, როგორც ასოცირების შეთანხმებას, ამ განაცხადსაც ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ როგორც პრემიერ-მინისტრმა და ახლაც როგორც პრემიერ-მინისტრმა“. – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ცნობილია, რომ ევროკავშირში განაცხადი შეიტანა უკრაინამ და მოლდოვამაც. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით ამ სამეულში ლიდერია და აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირი დაჩქარებული პროცედურით იმსჯელებს საქართველოსთვის მიმართებით.

„ყველა ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველოს, ასოცირების დღის წესრიგისა და შეთანხმების შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი ამ სამეულში და გვაქვს მოლოდინი, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. ჩვენთვის მთავარია მივყვეთ ასოცირების შეთანხმებას.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.