„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებით თანხმობა დასჭირდება დონორს და არა NGO-ს.
პაპუაშვილი ამბობს, რომ თანხმობა საჭირო იქნება გრანტის გაცემაზე და არა გრანტის მიღებაზე. ამ ინიციატივის შემოტანას პაპუაშვილი „უპასუხისმგებლო დონორებს“ და „პროცესის გამჭვირვალობას“ უკავშირებს.
„სამწუხაროდ, ბევრი უპასუხისმგებლო დონორია, ვისთანაც თვეები, წლები ვსაუბრობდით იმაზე, რომ პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ. ვხედავთ, რომ ფულს მისცემენ, შემდეგ ამ ფულით ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რეკლამირება, ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ძალადობრივი აქტები. როცა ამის თაობაზე დონორებს ვეკითხებით, ისინი ხელს იბანენ, მათი პასუხისმგებლობა თითქოს არის. ასე არ გამოვა და არც შეიძლება“, – ამბობს პაპუაშვილი.
„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იწყებს „გრანტების შესახებ“ კანონსა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ კანონში ცვლილებების განხილვას.
გრანტების კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს. გრანტის გაცემას მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აიკრძალება.
აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
ამავე პაკეტის მიხედვით, პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობით ლექცია-სემინარები და სხვა საჯარო ღონისძიებები იკრძალება.
„რა თქმა უნდა, უცხოური დაფინანსება აკრძალულია, მაგრამ ერთი სფერო იყო დარჩენილი, რომ უცხო ქვეყანას, ანუ, დონორს შეეძლო, პარტიისთვის უსასყიდლო სემინარებისთვის თუ პარტიული განვითარების პროგრამებისთვის თანხა გაეღო. ვნახეთ, რომ სქემები იყო, რითაც პარტიების დაფინანსება ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი პარტია „დროას“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან შემოვლითი სქემებით აფინანსებდა. ასევე ბევრი პოლიტიკოსია, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ სხვადასხვა ფონდებიდან თანხებს იღებდა“, – აცხადებს პაპუაშვილი.
მისი თქმით, მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის ასეთი სემინარებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებების სახით.