პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლ​ის კანონპროექტის სესიაზე განხილვას იწყებს

პუბლიკა

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტის პლენარულ სესიაზე საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტებს განიხილავენ. პლენარული სხდომების დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტზე იმსჯელებენ. ერთი მათგანია უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებული, ხოლო მეორე – არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის პროექტი, რომელიც მომზადებულია საინიციატივო ჯგუფის ავტორობით (მამუკა კაციტაძე, ალექსანდრე ბარამიძე).

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას. კერძოდ, განმარტებითი ბარათის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის  მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

ამავე პროექტით, არჩევნები გაიმართება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს, სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

რაც შეეხება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პროექტს, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები უნდა განაწილდეს იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.

——————————————————————–

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, შესაძლოა, უმრავლესობის რიგებიდან ყველამ არ დაუჭიროს მხარი.

„უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ბარიერი არ იქნება, იარსებებს ე.წ. ბუნებრივი ბარიერი და არ იარსებებს საარჩევნო ბლოკი. აღნიშნულზე ჩვენ ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს. მთელი განხილვის განმავლობაში ოპოზიციისგან ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს მსგავსი შეხედულებები, რადგან არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, რომ 2020 წლიდან არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გაიმართოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

„ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„გვესმის რა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მხოლოდ მათ მიერ წარდგენილ პროექტს, ჩვენ არ მივცემ მათ არანაირ საბაბს, რომ ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანესი მიღწევა ჩააგდონ. „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს, როგორც ოპოზიციური სპექტრის, ისე „ქართული ოცნების“ წარდგენილ კანონპროექტს. ეს კიდევ ერთხელ დამატებითი წნეხი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ არ მიმართონ რამე მანევრს, რაც შეუძლებელს გახდის საკონსტიტუციო ცვლილებას“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და იმედოვნებს, რომ სხვა მაჟორიტარებიც არ დაუჭერენ მას მხარს.

„ვფიქრობ, პრაქტიკულად, არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს  მხარს ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია, კანონპროექტს დაუჭირონ მხარი, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად ამ პროექტს მხარს არავინ უჭერს. მე გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის სერიოზული საკითხები გადასაწყვეტი, მხოლოდ ჩემს გონებასა და გულს ვუსმენ. ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. იმედი მაქვს, 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და პროექტი ჩავარდება. ყველამ უნდა გაიაზროს, რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება, – განაცხადა ოქრიაშვილმა.