პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  კანონში შესატან ცვლილებების პროექტს.

პროექტის ავტორები მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არიან.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმები გაითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნასაც.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სანქციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მუხლს ემატება მუხლი – კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს, რომ  კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი.

კანონპროექტის წარდგენის დროს, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა განაცხადა, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე – 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს.

„დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ თვითონ კომისია იღებს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები – გაფრთხილება და სამი სანქცია არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კომპანიამ ის მითითებები და ის დარღვევები გამოასწოროს, რომელიც ჩადენილი აქვს და არ ასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას.

დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში მოხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება. როგორც კი კომისიის გადაწყვეტილება შესრულდება, დროებითი მმართველი შეწყვეტს უფლებამოსილებას.

თქვენს წინაშე წარმოდგენილი რედაქცია, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, ასახავს იმ შენიშვნებს, რომლებიც საკომიტეტო მოსმენებზე ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იქნა გამოხატული და მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება და ასახვა“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.