პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული 3 დეპუტატი დეპუტატებად დაამტკიცა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული 3 დეპუტატის, დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის საპარლამენტო მანდატების დამტკიცებას კენჭი უყარა და დეპუტატებად დაამტკიცა.  ამ გადაწყვეტილებას 81 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი ჰყავდა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით გაირკვა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებს ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავთ, ესენი არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

„პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის პირველ სამეულს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება  4 იანვარს შეუწყვიტა.