პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პუბლიკა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე უკვე დაიწყო სიტყვით გამოსვლები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ოპოზიცია ხვალისთვის მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შემოუერთდებიან. აქცია 15 საათზე არის დაგეგმილი.

რესპუბლიკის მოედანთან 17 საათზე ასევე გეგმავენ აქციას პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები. დღეს ცნობილი გახდა, რომ მათ აქციას „ქართული მარშიც“ უერთდება.

აქციის მთავარი მოთხოვნაა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, რომ არჩევნები ჩაატაროს ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით.

ოპოზიციის მოთხოვნებს დღეს უმრავლესობის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროება არ არსებობს. ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ასევე ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვერსიები, – ჩაგდებული კანონპროექტის მცირედი ცვლილებით პარლამენტში კვლავ შეტანა და კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა „ნონსენსია“. მან პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.

***********

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. მას შემდეგ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება, გაშლილია კარვები და გადაკეტილია პარლამენტის წინ გზის საავტომობილო ნაწილი.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: ვადამდელი არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით, არჩევნების ჩატარება გარდამავალი მთავრობის პირობებში და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.

LB loan image desktop LB loan image mobile