პატელი: USAID-ზე ბრალდებები არსებითად არასწორად ახასიათებს ჩვენი დახმარების მიზნებს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე მოქალაქეებს “სახელმწიფოს ჩამოშლაში ავარჯიშებდნენ”.

პატელის განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები „არსებითად არასწორად ახასიათებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარების მიზნებს”.

„ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო უშუალოდ USAID-ის ხსენების. თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად”. – განაცხადა ვედანტ პატელმა.

მან ასევე მიუთითა, რომ აშშ აგრძელებს მუშაობას „იმ ქართულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებითა და ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად”.

ამასთან, აშშ აგრძელებს პარტნიორობას ქართველ ხალხთან.

„რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში”. – თქვა სახდეპის პრესსპიკერის  მოადგილემ.


2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26-29 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი, სადაც მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

უწყების მტკიცებით, „ტრენერები იყვნენ სერბეთის მოქალაქეები: სინისა სიკმანიიელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც ახლა „კანვასის” წევრები არიან”.

სუსისვე განცხადებით, „26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ”.

„კანვასის” 3 წევრი – სერბეთის 3 მოქალაქე სუსმა 29 სექტემბერს გამოჰკითხა. უწყების 18 სექტემბრის განცხადების თანახმად, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით”.

USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა სუსის პასუხად 30 სექტემბერს თქვა, რომ „კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა”. მისი თქმით, USAID ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტრენინგი ჩატარდა რეალურად 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით –  ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ტრენინგის აღწერის თანახმად, “სასწავლო კურსმა კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომები გააცნო. კურსმა ერთმანეთთან დააკავშირა თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”.

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ძალაუფლების მრუდი, არაძალადობრივი სტრატეგია და ტაქტიკა, კომუნიკაციის სტრატეგია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშაობს უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და პასუხისმგებელი საზოგადოების ასაშენებლად. CANVAS-ის ოფისები გახსნილია ვაშინგტონში, კუალა ლუმპურშიმალეიში, თბილისში, იოჰანესბურგსა და ბელგრადში მიზნად ისახავს, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ადგილობრივ აქტივისტებს. ორგანიზაცია ემსახურება ინიციატივებს, რომლებიც ეყრდნობა არაძალადობრივი ბრძოლის და შემოქმედებითი აქტივიზმის პრინციპებს.

საქართველოში ფუნქციონირებს „კანვას საქართველო”. მას გიორგი მელაძე ხელმძღვანელობს.

18 სექტემბრის განცხადებაში უწყებამ დაასახელა გვარებიც, რომლებიც „რევოლუციური სცენარის” მიღმა დგანან: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე,  გიორგი ლორთქიფანიძე და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ასევე, ახსენა ორგანიზაცია „კანვასი“ – სუსი ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით იყენებენ ორგანიზაცია „კანვასს“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

ოპტორს”, რომელსაც სუსი ახსენებს, სერბული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1998-2004 წლებში არსებობდა და თავის დროზე შთაგონება გახდა, მათ შორის, ქართული საპროტესტო მოძრაობისთვის „კმარა” და უკრაინული მოძრაობისთვის – „პორა“.

რაც შეეხება ორგანიზაცია „კანვასს“ (CANVAS), ის ბელგრადში სლობოდან ჯინოვიჩმა და სრჯა პოპოვიჩმა 2005 წელს დააფუძნეს იმ მიზნით, რომ „მხარი დაუჭირონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში”. „კანვასი” ამბობს, რომ შექმნის დღიდან მუშაობს დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.