„პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს, რა თქმა უნდა, დიფ სთეითი“ – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ საერთო განცხადებას.
კობახიძის თქმით, 26 მაისი საზეიმო დღეა, და „ჯერ მარტო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო“.
„რაც შეეხება ამ სამმხრივ განცხადებას, პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს, რა თქმა უნდა, დიფ სთეითი, პირდაპირ ჩანს ეს ყველაფრიდან. ჯერ მარტო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო. 26 მაისი არის საზეიმო დღე, საზეიმო დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება, ნუ პროტოკოლსაც კი არ იცავენ, ეტიკეტსაც კი არ იცავენ. აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ეს არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – თქვა კობახიძემ.
ევროკავშირის ლიდერები საერთო განცხადებით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ და ხაზს უსვამენ მათ მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ასევე, მაკრონი, ტუსკი და მერცი გმობენ „ქართული ოცნების“ ქმედებებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების მიმართ და მოუწოდებენ, რომ შეიცვალოს კანონები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.