პირი, რომელიც ფონიჭალაში 7 ქვეითს დაეჯახა და 4 იმსხვერპლა, ნასვამი იყო - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურამ მძღოლს, რომელიც ფონიჭალაში 7 ადამიანს დაეჯახა და 4 იმსხვერპლა, ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მ ვერ დაიცვა საგზაო მოძრაობის  წესები და ყოველგვარი  ხელისშემშლელი პირობების გარეშე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას  და მის უკან მდგომ ქვეითებს:  მ.მ-ს, ე.ა-ს, რ.ა-ს, ა.მ-ს, ა. მ-ს,  ე.ა-სა და ე.მ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე.ა. და ე.მ. შემთხვევის ადგილზე, ხოლო ა.მ. და მ.მ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ, სხვა დაშავებულები  მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში“, – აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა პ.გ.  16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ)  და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) 18 აგვისტოს წარედგინა. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ  ბრალდებულ პ.გ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

LB loan image desktop LB loan image mobile