პირველ ნაწილზე პასუხებს ორშაბათს გადავცემთ ევროკომისიას - მინისტრი EU-ის კითხვარზე

პუბლიკა

დღეს მთავრობის კანცელარიაში ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, EU-ის კითხვარის პირველ ნაწილზე პასუხები უკვე მომზადდა და ორშაბათს გაუგზავნიან ევროკომისიას, ხოლო მეორე ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, 13 მაისისთვის მზად იქნება.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს პრემიერთან ერთად განვიხილეთ და აღნიშნული კითხვარის  პირველი ნაწილი მომზადდა უკვე, ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან აქტიური ჩართულობით. უზარმაზარი სამუშაო გაიწია, და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო „ტექნიკური და სპეციფიკურია“, ამიტომ მიმდინარეობს მასზე მუშაობა.

„2300-მდე კითხვაა. მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. დადგენილი ვადები არის 13 მაისი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ევროპელ პარტნიორებს”, – ამბობს ის.