„პლაკატზე პრემიერს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა“ - პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, დააკავეს

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, სადაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს, რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

„გირჩის“ წარმომადგენელი, ცოტნე კობერიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ დაკავებულთა შორისაა პარტიის წევრი ბადრი გრიგალაშვილი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

მისივე თქმით, ბადრი გრიგალაშვილს ხელში ეჭირა პლაკატი, რომელზეც „პრემიერს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა“.

„ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, ჩვენი აზრით. მოვიდა პოლიცია და ისე დააკავა, თითქოს მას შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულს გამოესარჩლა ერთ-ერთი უკრაინელი მოქალაქე და შემდეგ ისიც დააკავეს მასთან ერთად“, – ამბობს კობერიძე.

„პუბლიკა“ ვითარებაში გასარკვევად დაუკავშირდა შსს-ს, სადაც განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების შემდეგ, რომ „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს“„უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და „მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს“, თბილისში რამდენიმე აქცია დაიგეგმა.

პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ აქცია სახელწოდებით „გაანიავეთ“ 18:00 საათზე დაგეგმა.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით ორი ადამიანი დააკავეს.