POG: დამამძიმებელ გარემოში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უწყების ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

პროკურატურის თანახმად, 2023 წლის 18 იანვარს გურჯაანის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს.

მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა.

ამის შემდგომ, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაში დამარხეს.

ასევე, დანაშაულის ჩამდენი პირები მოკლულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იქნა ნაპოვნი.

დანაშაულის ჩამდენ ერთ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო და დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ფაქტებზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.