POG: გომელაური დაბარებულია გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით საბოტაჟის საქმის გამოძიების ფარგლებში

პუბლიკა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, შეისწავლიან „გიორგი გახარიას ქმედებას 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან“ მომხდართან დაკავშირებით.

მათი თქმით, ამ გამოძიების ფარგლებში დაიბარეს ვახტანგ გომელაურიც, რომელიც 2019 წელს სუს-ის უფროსის პოზიციას იკავებდა.

„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,“ — წერია პროკურატურის განცხადებაში.


„ოცნების“ ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დაიბარეს.

შესვლამდე გომელაურმა თქვა: „მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი, რა თქმა უნდა, არ უნდა გაკეთებულიყო [ჩორჩანას საგუშაგო]“.

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში, ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. მაშინ საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, გომელაური კი სუს-ის უფროსის პოზიციას იკავებდა.

„ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე თეა წულუკიანმა და კომისიის სხვა წევრებმა გახარიას უთხრეს, რომ საგუშაგოს აშენების გამო ქვეყანამ „დანის პირზე“ და “ომის ზღვარზე” გაიარა. წულუკიანის მტკიცებით, საგუშაგოს აშენება სუს-ისთვისაც „სიურპრიზი“ იყო.

გახარიამ განაცხადა, რომ საგუშაგოს შესახებ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და იქ „ოთხი სამინისტრო მუშაობდა“. ასევე, გახარიას თქმით, საგუშაგოს აშენება შეთანხმებული იყო ვახტანგ გომელაურთანაც.