POG: საინვესტიცოო თაღლითობით მიღებული თანხის ლეგალიზაციისთვის პირს ქონება ჩამოერთვა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა რამდენიმე ადამიანთან ერთად შექმნა საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა FORSAGE, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა და ნაცვლად რეალური საინვესტიციო პროდუქტის შეთავაზებისა, დაზარალებულებს ყალბი დაპირებების გზით, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ 2020-2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც თაღლითურ პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს.

უწყების ცნობით, ამ შემთხვევაზე რამდენიმე პირს ბრალი თაღლითობისთვის აშშ-ის შესაბამისმა ორგანოებმა წარუდგინეს.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების შემდეგ დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხების წარმომავლობის დაფარვისა და მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა დაახლოებით 3 500 000 ლარის ექვივალენტი თანხა და დანაწევრებით განათავსა პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე, რითაც მათთვის კანონიერი სახის მიცემა მოახდინა.

შემდგომში, მსჯავრდებულმა განახორციელა ხსენებული თანხის ნაწილის ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში გაშვება, მათ შორის შეიძინა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება.

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი დაახლოებით 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება: კერძოდ, თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა, ხუთი ავტოფარეხი და LEXUS-ის მარკის ავტომანქანა.