პოლიცია: მარნეულში გატაცებული გოგონა სახლში დავაბრუნეთ, გამტაცებელი - დავაკავეთ

პუბლიკა

პოლიციამ გუშინ, 14 თებარვალს მარნეულში გატაცებული არასწრულწლოვანი გოგონა იპოვნა, გატაცებაში ბრალდებული კი  – დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, “გუშინ,  ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა”.

გ.მ.  მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გატაცების ფაქტის შემდეგ მარნეულში ჩავიდა  სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და პირადად შეხვდა გატაცებულის მშობლებს,  თვითმხილველსა და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს.

„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა, სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვების ეშინიათ.