პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს

პუბლიკა

პოლონელი ფერმერები მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლებს მართავენ. დღეს, 20 თებერვალს, მათ უკრაინის საზღვარზე მდებარე ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტეს. პოლონელები ამბობენ, რომ ისინი ამით თავიანთი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ, კიევის განცხადებით კი, ომის ძალისხმევა ზიანდება.

Telegram-ის ერთ-ერთ არხზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დემონსტრანტებმა გახსნეს ვაგონის კარები, რის შედეგადაც, უკრაინული ხორბალი მატარებლის ლიანდაგზე დაიყარა. მომხდარი უკრაინამ დაგმო და „პოლიტიკურ პროვოკაციად“ შეაფასა.

პოლონელი ფერმერები წუხან, რომ მათთვის ხარჯი იზრდება, ხოლო ევროპაში უკრაინასთან არაკეთილსინდისიერ და არათანაბარ კონკურენციაში არიან, ვინაიდან ევროკავშირის 2022 წლის გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინული სურსათის იმპორტზე გადასახადები გაუქმებულია.

პოლონეთის ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენელმა, ადრიან ვავრზინიაკმა განაცხადა, რომ ისინი გახსნიან გამშვებ პუნქტებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადასაცემად, თუმცა, დაიკეტება ყველა სხვა მოძრაობა – როგორც სატვირთო მანქანები, ისე პორტები და საავტომობილო გზები.

აქციის მონაწილეებს ტრაქტორებზე გადმოკიდებული ჰქონდათ ბანერები წარწერით:

„როცა უკრაინიდან მარცვლეული მოედინება, პოლონელი ფერმერები კოტრდებიან“.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარკინ ვიელგოშმა, რომელიც დორუჰუსკის გამშვებ პუნქტთან იმყოფება, თქვა, რომ ავტობუსებს საათში ერთხელ გაუშვებენ, თუმცა ადგოილობრივი დროით 08:00-დან 18:00 საათამდე არც ერთი სატვირთო მანქანა არ გაივლის.

„ჩემი აზრით, საზღვარი უნდა დაიხუროს. პროცედურები და სისტემები უნდა დაზუსტდეს და მერე შეიძლება გაიხსნას, მაგრამ არა იმ წესებით, რაც ახლა გვაქვს, რადგან ახლა უკრაინას შეუძლია, შემოიტანოს რაც უნდა, რამდენიც უნდა, როცა უნდა”. – უთხრა მან Reuters-ს.

კიევი ამბობს, რომ მისი სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტს აღმოსავლეთ ევროპაში არ დაუზიანებია ევროკავშირის ბაზრები.

დემონსტრანტებმა პროტესტი 15 მარტამდე დააანონსეს.

უკრაინულ სატვირთო მანქანებს კი ასეთი წარწერები აქვთ: „თუ უკრაინა დამარცხდება, პოლონეთიც დამარცხდება“, „უკრაინის ბლოკადა ევროპული ღირებულებების ღალატია”.