პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან ლობირებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.
ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
ტუსკმა განცხადება პოლონეთის პარლამენტში გააკეთა და თქვა:
„ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რომ შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. დიახ, ეს არის ჩემი განზრახვა, იმის სრული გათვალისწინებით, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, ვისაც ძალიან სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის პრობლემა.
ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებმაც შეიძლება, შეურაცხყოფილად იგრძნონ თავი, მაგრამ ზოგადად, მე ვარ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მტკიცე მომხრე იმ ქვეყნებთან, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, პატივს აღარ სცემენ სტანდარტებს ავტორიტარულ ხელისუფლებაზე ან იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონს და წესრიგს ჩვენს ქვეყანაში თუ ევროპაში“, — განაცხადა ტუსკმა.
ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2017 წელს დააწესა.
ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვას სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, 27 წევრიდან 15 ქვეყანას, რომლებიც გაერთიანების მთლიანი მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა.