პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პუბლიკა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსმა ისტორიკოსმა, კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.

პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ნავროცკიმ ხმების 50.9% მოიპოვა, ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიას წარმოადგენდა – 49.1%.

ეს შედეგები განსხვავდება ეგზიტპოლის შედეგებისგან, რომლის თანახმადაც, ტრჟასკოვსკის ხმების 50.3% ჰქონდა მიღებული, ნავროცკის კი – 49.7%.

42 წლის ნავროცკი ევროსკეპტიკოსია. მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება ისეთი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გატარება იყო, რომლითაც პოლონელებს სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან შედარებით უპირატესობა ექნებოდათ, უკრაინელი ლტოლვილების ჩათვლით.

პოლონეთში საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა და ძალაუფლების ძირითად ნაწილს პარლამენტი ფლობს, ხოლო პარლამენტს დონალდ ტუსკის პარტია აკონტროლებს.

თუმცა პრეზიდენტს შეუძლია, ვეტო დაადოს კანონებს და წინააღმდეგობა გაუწიოს პარლამენტს.

BBC-ის თანახმად, ვეტოს უფლებას ნავროცკი ტუსკის პროევოპული პოლიტიკის დასაბლოკად გამოიყენებს.

ნავროცკი, რომელსაც მხარს პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას პარტია „კანონი და სამართალი” უჭერს, სავარაუდოდ, სწორედ დუდას პოლიტიკას გააგრძელებს.

ამასთან, კარლ ნავროცკი 2024 წლის თებერვლიდან რუსეთის მიერ არის ძებნილი – ნავროცკი 2021 წლიდან პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო. ეს ორგანიზაცია სხვა საკითხებთან ერთად, ნაცისტური და საბჭოთა ოკუპაციის დროს პოლონელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იკვლევს.