პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი და არტილერია გადასცა

პუბლიკა

პოლონეთმა დაადასტურა უკრაინისთვის მის მიერ მიწოდებული სხვადასხვა ტიპის შეიარაღების შესახებ. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის იარაღზე საუბრობდა.

დღეს ვარშავაში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღს შორის არის ჯავშანტექნიკა. პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-72 ტიპის ტანკი გადასცა, ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანები, BM-21 Grad-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და 2S1 Gvozdika ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემები.

ჯავშანტექნიკასთან ერთად პოლონეთმა უკრაინას მიაწოდა თავისი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები და Piorun-ის საჰაერო თავდაცვის გადასატანი სისტემები. დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, ასევე ჰაერი-ჰაერი ტიპის საბჭოთა წარმოების რაკეტები Mig-29 და Su-27-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის.