პოლონეთმა უკრაინას PT-91 ტიპის ტანკები გადასცა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი იერმაკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია. იერმაკს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი ტანკი მიიღო უკრაინამ მეზობელი ქვეყნისგან.

თუმცა, გავრცელებული ცნობებით, პოლონეთი მის არსენალში მყოფი ყველა PT-91 ტიპის ტანკის უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს. პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს, ოფიციალური ინფორმაციით, 232 ასეთი ტანკი ჰყავს.

უკრაინისთვის გადაცემული ტანკების ჩანაცვლებას კი ვარშავა ამერიკული და სამხრეთ კორეული ტანკებით გეგმავს. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი სამხრეთ კორეისგან მომდევნო წლებში ასობით ტანკისა და ჯავშანმანქანის შეძენას გეგმავენ. აშშ-გან კი 200-ზე მეტ „აბრამსს“ მიიღებენ. ამერიკული ტანკები პოლონეთში უკვე გამოჩნდა.

PT-91 საბჭოთა წარმოების ტანკის, T-72-ის თანამედროვე მოდიფიკაციაა. პოლონელებმა საბჭოთა ტანკებში ცეცხლის მართვის სისტემა და სხვა ნაწილები თანამედროვე ტექნოლოგიებით შეცვალეს, რითიც ტანკების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი აქამდეც გადასცა. თუმცა, ადრე გადაცემული T-72 ტიპის ტანკები მოდერნიზებული არ ყოფილა.