პოლონეთში მუშაობის უფლებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება მოუწევთ.
შესაბამისი რეგულაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს გამოსცა. ის 15 აგვისტოდან შევიდა ძალაში. სიკორსკის ბრძანებას წინ უძღოდა პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის დებულება.
შეზღუდვები ასევე შეეხებათ კოლუმბიის და ვენესუელის მოქალაქეებს.
სამივე ქვეყნის მოქალაქეებს პოლონეთში ტურისტული და სხვა ნებადართული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის კვლავ შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება.
პირებზე, რომლებმაც პოლონეთში 15 აგვისტომდე შევიდნენ, ძველი წესები გავრცელდება.
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სამივე ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის რეჟიმს „სისტემატურად“ იყენებდნენ სამუშაოს დასაწყებად, შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზებად დაასახელეს არალეგალური დასაქმება და ქვეყანაში უკანონოდ ყოფნა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სამივე ქვეყანა მაღალი მიგრაციული რისკის მქონედ არის შეფასებული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლონეთი საქართველოდან პოლონეთში მუშაობის მსურველებისთვის პირობებს ამკაცრებს.
2025 წლის 1 დეკემბრიდან პოლონეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოს უფლების მიღების გამარტივებული წესი.