კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა არა ჩვენთვის, არამედ მისთვის

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაზე ამბობს, რომ „არ იცის, რაზეა საუბარი“, თუმცა, მისივე თქმით, ეს პრობლემური განცხადებაა არა „ქართული ოცნებისთვის“, არამედ თავად ღარიბაშვილისთვის.

ირაკლი კობახიძემ წინამორბედის  შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა მას შემდეგ, რაც ბრიფინგი ჩაატარა და გეორგიევსკის ტრაქტატზე დადებით კონტექსტში ილაპარაკა.

გუშინ, 17 აგვისტოს Facebook-ზე გამოქვეყნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ წერს, რომ „ამიერიდან მასა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას ეკისრება“.

„ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ვერ გავაკეთებ კომენტარს… ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადებების შეფასება.

ძალიან პრობლემური განცხადებაა, ასე ვიტყოდი. პრობლემური ჩვენთვის არა, თავისთვის. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ…“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე თქვა, რომ გუშინ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე არ უსაუბრიათ. მას ასევე „არ ახსოვს, კომუნიკაცია ღარიბაშვილის წერილის გამოქვეყნებამდე იყო თუ შემდეგ“.

„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. შეიძლება, [წერილის გამოქვეყნებამდე] გვქონდა კომუნიკაცია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მან ასევე თქვა, რომ დაცულია ირაკლი ღარიბაშვილის უსაფრთხოება და ამიტომ, მისთვის „გაუგებარია ის წერილი და განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა“.

ირაკლი კობახიძემ ასევე გამორიცხა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური გეგმები:

„რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როცა ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული“.

ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს წერილის გამოქვეყნებასთან ერთად დააანონსა, რომ დღეს, 18 აგვისტოს ვრცელ განცხადებას გაავრცელებს და „საზოგადოებას ეტყვის თავის სიმართლეს“.

თავის მხრივ წერილში, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, ნათქვამია, რომ შესაძლოა, მას კორუფციის ბრალდებები წარუდგინონ, რაზე რეაგირების 2 ვარიანტი არსებობს: ან სასამართლოს გზით ბრძოლა, ან აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში კი „არ უნდა ეცადოს პოლიტიკაში დაბრუნებას“.

ირაკლი ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, ვინ არის წერილის ავტორი ან როდის მიიღო ის მან.

წერილში ნათქვამია:

​„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა” და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.

ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:

  • ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ, თვითონ როგორც შემოგვთავაზეს;
  • (მეორე ვარიანტი – კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5-წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება.

გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ”, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე არ იფიქრო“.