საქართველო იმ 40-მდე ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისგან თავის ასარიდებლად იყენებს - თეთრი სახლის ანგარიში

პუბლიკა

თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა (OTMP) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ჩინეთის მიერ ტარიფებისთვის თავის არიდების სქემას ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების თავიდან ასარიდებლად ჩინეთი 40-მდე ქვეყანას იყენებს, რომელთა შორის საქართველოცაა ნახსენები.

ანგარიშში, რომელსაც „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam) ჰქვია, ნათქვამია, რომ ჩინეთს შექმნილი აქვს „ჩრდილოვანი გადაზიდვის ქსელი“. ის სხვადასხვა ტიპის ქვეყნებს განსხვავებული საჭიროებებით ტვირთავს. თეთრი სახლის მიხედვით, სქემაში შეიძლება გამოყენებული იყოს რეექსპორტი ან სიმბოლურად დამუშავდეს პროდუქცია, საბოლოოდ კი ჩინური საქონელი აშშ-ში შეცვლილი ეტიკეტით ხვდება.

„ჩინეთის „ჩრდილოვანი გადაზიდვის ქსელი“ წარმოადგენს გადამამუშავებელი ჰაბების, ლოჯისტიკური პლატფორმების, გადამუშავების დერეფნების, თავისუფალი ზონის ოპერატორებისა და რეექსპორტის ცენტრების განაწილებულ სისტემას, რომელიც ჩინურ საქონელს საშუალებას აძლევს, შეცვლილი წარმოშობით შევიდეს აშშ-ს ბაზარზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, თეთრი სახლი სამ კატეგორიად ყოფს ამ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომლებიც ამ სქემის ნაწილია.

პირველ კატეგორიაში მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია გაერთიანებული, მათ შორის, აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებსაც მსხვილი და დივერსიფიცირებული ბაზარი აქვთ. ასეთ ქვეყნებსა და იურისდიქციებს შორის არის – კანადა, ინდოეთი, ევროკავშირი, ისრაელი. ამ ქვეყნებს აშშ-ის პარალელურად აქვთ ვაჭრობა ჩინეთთანაც, საიდანაც დიდი მოცულობის ტვირთს იღებენ, მათი მსხვილი ეკონომიკა კი თეთრი სახლის მიხედვით, ჩინეთისთვის შესაძლებელს ხდის თაღლითობის დაფარვას.

მეორე კატეგორიაში საშუალო ზომის ქვეყნებია მოქცეული, მათ შორის, ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, თურქეთი და ვიეტნამი, რომლებსაც ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაცია აკავშირებთ.

საქართველო მოექცა მესამე კატეგორიის, მცირე, ოპორტუნისტულ სამიზნე ქვეყნებში.

საქართველოსთან ერთად აქ არიან კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები – აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროები, პანამა, შვეიცარია და სხვები (მათ შორის არგენტინა, ბანგლადეში, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, დომინიკელთა რესპუბლიკა, იორდანია, კენია, ლაოსი, მაროკო, მიანმარი, ომანი, პერუ, ფილიპინები, სინგაპური, შრი-ლანკა).

თეთრი სახლის ანგარიშში ნათქვამია, რომ უფრო კონკრეტულად საქართველოს როლი სახმელეთო კორიდორია.

„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების გავლით ტვირთის ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გზებთან დაკავშირებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამ კატეგორიაში მოქცეულ ქვეყნებს, ანგარიშის მიხედვით, აქვთ შედარებით მცირე ეკონომიკა, მაგრამ ასევე აქვთ გარკვეული სუსტი მხარეები, იაფი მუშახელი, თავისუფალი ზონები, ჩინეთისთვის საინტერესო პორტები, საზღვრები და ა.შ.

„ჩინეთთან დაკავშირებულ ექსპორტიორებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს იურისდიქციები როგორც შეზღუდული წარმოების აქტივობისთვის, ასევე ლოგისტიკური მარშრუტიზაციისთვის.

რადგან ადგილობრივი ექსპორტის სექტორები და სატრანსპორტო ქსელები სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებიან ჩინურ რესურსებზე, ლოგისტიკასა და კაპიტალზე, პეკინმა შეიძლება მოიპოვოს დამატებითი კომერციული და გეოპოლიტიკური ბერკეტები, ამავდროულად შეინარჩუნოს აშშ-ს ბაზარზე არაპირდაპირი წვდომა.

ამრიგად, უკანონო გადაზიდვებმა შეიძლება გააძლიეროს კომერციული დამოკიდებულება, რომელიც შექმნილია „სარტყელი და გზის“ ინიციატივის მეშვეობით.

პორტები, სარკინიგზო დერეფნები, თავისუფალი ზონები, სამრეწველო პარკები, საბაჟო საწყობები და ლოგისტიკური პლატფორმები შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ლეგიტიმურ ვაჭრობას, ასევე ჩინეთთან დაკავშირებულ გადამისამართებებს.

მცირე იურისდიქციებში ასეთი აქტივობა შეიძლება ექსპორტის მოდელის მნიშვნელოვან მახასიათებლად იქცეს. მესამე კატეგორიის ქვეყნები მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ მისი წევრები ინდივიდუალურად უზრუნველყოფენ უკანონო გადაზიდვების მასშტაბურ მოცულობას, არამედ იმიტომ, რომ მათი სუსტი რგოლები და ჩინეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულება ამ ქვეყნებს განსაკუთრებით სასარგებლო კვანძებად აქცევს ჩრდილოვანი გადაზიდვების ქსელში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ჩინეთმა „ჩრდილოვანი გადაზიდვის ქსელის“ გამართვა 2018 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას პირველად დაუწესა პეკინს ტარიფები 301-ე სექციით.


ირაკლი კობახიძე თეთრი სახლის ანგარიშს 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ ჰგონია, არსებობდეს ამ სქემაში საქართველოს ჩართულობის კონკრეტული ფაქტი და ეს ზოგადი განცხადებაა, ასევე შესაძლოა თეთრი სახლისთვის ვინმეს „შეგნებულად მიეწოდებინა არასწორი ინფორმაცია“.

„ფაქტი მოგვაწოდონ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ფაქტი თუ იქნება, რეაგირებაც გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.


2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 1.98 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა კი აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველო-ჩინეთის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 2.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ირაკლი კობახიძემ კი 10 ივნისს განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში – 45%-ით გაიზარდა.