პორტების განბლოკვაზე შეთანხმებიდან მეორე დღეს რუსეთმა ოდესის პორტი დაბობმა

პუბლიკა

მარცვლეულის გასატანად უკრაინული პორტების განბლოკვაზე შეთანხმებიდან მეორე დღესვე რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. ოდესის პორტზე, რომელიც ყველაზე დიდია, რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რყევა დაიწყეს შენობებმა ქალაქის ცენტრში, კვამლი კი ოდესის თითქმის ყველა წერტილიდან ჩანდა. ჯერჯერობით უცნობია, მიყენებული ზიანის მასშტაბი.

თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერს, რაკეტების სამიზნე ზუსტად ის ტერიტორია იყო, საიდანაც მარცვლეული ექსპორტი უნდა დაიწყოს.

გლობალური სასურსათო კრიზისისთვის თავის ასარიდებლად, გაეროს ჩართულობით, რუსეთთან გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სამი უკრაინული პორტისთვის ხელი არ შეეშალა. როგორც ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, მათ გასული წლის მოსავლიდან 20 მილიონი ტონა მარცვლეული დარჩათ, რასაც მალევე წლევანდელიც დაემატება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის პორტიდან მარცვლეულის პირველი პარტიის გატანა უკვე ხვალ იგეგმებოდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოდესის მიმართულებით გაშვებული 4-დან 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, მაგრამ დანარჩენი ორი პორტს დაეცა.