პრაისი: ვინც ამ კანონს დაუჭერს მხარს, პასუხისმგებელი იქნება ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებაზე

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით. ნედ პრაისის თქმით, ის, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე.

„ამ კანონის შესახებ გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ ჩვენი თანმიმდევრული შეშფოთება. კანონი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებული ვრჩებით „უცხოური აგენტის შესახებ“ ინიციირებული კანონის გამო.

კერძოდ, იმის გამო, რომ ის მოახდენს იმ დამოუკიდებელი ხმებისა და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას და დადუმებას, რომლებიც ცდილობენ, ააშენონ უკეთესი ქვეყანა მათი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე.

ჩვენი მოსაზრება არის მარტივი. ჩვენ ეს საჯაროდაც დავაფიქსირეთ და პირადადაც. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე.

მსგავსი კანონი არ არის იმ მისწრაფების შესაბამისი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ. არ შეესაბამება იმ მომავალს, რომელიც მათ დაისახეს და რომელშიც ჩვენ, აშშ-ს გვაქვს დასახული მიზნად, ვიყოთ საქართველოს პარტნიორები და დავეხმაროთ მათ ამ მომავლის მიღწევაში.

მხოლოდ აშშ არ არის, ვინც გამოხატავს შეშფოთებას, ასევეა საქართველოს რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, ევროკავშირი, გაერო. ქართულმა სამოქალაქო სექტორმაც გამოაქვეყნა ძლიერი განცხადება, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ამ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი პროპაგანდა. თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვგულისხმობ იდეას, რომ ეს კანონი დაფუძნებულია აშშ-ში მოქმედ „უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტზე“, FARA -ზე. ჩვენი კანონი ავალდებულებს რეგისტრაციას ადამიანებს, ვინც არიან უცხო ქვეყნის აგენტები. ჩვენი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე ან მათი დაფინანსების წყაროებზე.

ჩვენ შეგვიძლია, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აშშ-ში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი არის ძალიან ვიწრო და მოქმედებს მხოლოდ უცხო ქვეყნების აგენტებზე. ეს ძალიან განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ვართ ფრიად შეშფოთებული“, – განაცხადა ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.

ასევე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნედ პრაისს ჰკითხა, წავა თუ არა აშშ ივანიშვილის წინააღმდეგ, თუკი ის „ჟანგბადს“ გამოაცლის ქართულ დემოკრატიას. რის საპასუხოდაც პრაისმა განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება იქნება დიდად შემაშფოთებელი აშშ-თვის, თუმცა ის ჯერ პროექტია და ახლა მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება.

„აშშ-ს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ჩვენ გვსურს, რომ არავის შეეპაროს ეჭვი იმ შეშფოთებაში, რომელიც გამოვხატეთ, რომელიც ევროკავშირმა, გაერომ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეშფოთება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, მოდის სამოქალაქო საზოგადოებისგან თავისივე ქვეყანაში, საქართევლოს მოქალაქეებისგან. სწორდ ამაზე ვართ ფოკუსირებულები.

ცხადია, ამ კანონის მიღება და ამოქმედება იქნება დიდად შემაშფოთებელი ჩვენთვის. ჩვენ არ ვაპირებთ გადავიდეთ ამ ხიდზე. ამ ეტაპზე ეს კანონი არის ჯერ პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს კანონმდებლების მიერ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის ყოველგვარი ეჭვების გარეშე ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა პრაისმა.