პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა

პუბლიკა

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) პრესის თავისუფლების კუთხით განახლებულ შეფასებას აქვეყნებს. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გუარესებულია.

პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსით, საქართველოს 59.30 ქულა აქვს და 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილს იკავებს, 2021 წლისთვის კი მე-60 ადგილზე იყო.

2022 წლის ინდექსში პოლიტიკური ინდიკატორით საქართველო 102-ე ადგილზეა, ხოლო ეკონომიკური ინდიკატორით – 74-ე ადგილზე. ბევრად უკეთესი მდგომარეობაა საკანონმდებლო მიმართულებით – 32-ე ადგილი, სოციალური ინდიკატორით კი საქართველო 67-ე ადგილზეა, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა უსაფრთხოების კუთხით – 135-ე ადგილი.

RSF-ის შეფასებით, საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალფეროვანი, მაგრამ ამავდროულად ღრმად პოლარიზებულია. მედიაგამოცემების მფლობელები ცდილობენ, აკონტროლონ სარედაქციო პოლიტიკა. რეგიონული და სათემო რადიოები ძლიერდებიან, ონლაინმედიის აუდიტორია იზრდება, ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა კი მცირდება.

ასევე, საქართველოზე შეფასების კუთხით ნათქვამია, რომ მედიაორგანიზაციების მფლობელებს ახლო კავშირი აქვთ პოლიტიკურ პარტიებთან. პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული მედიაც. ასევე, არ არის განვითარებული მედიაბაზარი ბეჭდურ და ონლაინმედიაში კი მთავარი სპონსორები, ძირითადად, დასავლური დონორები არიან.

სოციალური კუთხით, საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის, ლგბტ საკითხებზე, რუსეთის გავლენასა და რელიგიაზე, რაც გავლენას ახდენს მედიაგაშუქებაზე.

„ხშირია ჟურნალისტებზე ვერბალური და ფიზიკური თავდასხმები. აგრესორებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირებიც, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიისას. 2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს სამართალდამცველთა წინ ბრბოს სასტიკი თავდასხმა 50 ჟურნალისტზე უპრეცედენტო უკუსვლა იყო.

ამ შემთხვევის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა აჩვენებს დაუსჯელობას, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირები“, – ნათქვამია RSF-ის შეფასებაში.