პრეზიდენტი: აშშ-ს მხრიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია CBS NEWS-ის გადაცემა „60 წუთთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს ავრცელებს.

ინტერვიუში პრეზიდენტი საუბრობს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე, საქართველოს ევროინტეგრაციაზე და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება სვამს შეკითხვას, მთავრობას ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრება? ის ასევე ამბობს,  აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის „მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო“.

„პუბლიკა“ გთავაზობთ პრეზიდენტის ინტერვიუს:

უკვე მესამე წელია რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, როგორ აისახება ეს ომი საქართველოზე და აქ ცხოვრებაზე? 

პრეზიდენტი: ეს, რა თქმა უნდა, შეხსენებაა იმისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და ფაქტია, რომ ეს ყოველთვის პირდაპირი საფრთხეა. უკვე რეალობაა, რომ რუსეთი ნიადაგს ტესტავს.

თქვენ ფიქრობთ, რომ რუსები საქართველოში ნიადაგს ახლა ამოწმებენ?

პრეზიდენტი: დიახ, ახლა.

როგორ?

პრეზიდენტი: აქ, მათი მარტივი გზა, ჰიბრიდული ომია.

პრეზიდენტი: ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან.

რუსებს სჯერათ რომ სახლში არიან?

პრეზიდენტი: ისინი ისე იქცევიან და სჯერათ ამის, რომ საკუთარ სახლში არიან. ასე რომ, უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა – რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ.

მაშ რატომ არ ამბობს საქართველო: არა რუსებს საქართველოს საზღვრებში!

პრეზიდენტი: ეს ხელისუფლების საკითხია.

არ ხართ თქვენ ხელისუფლება?

პრეზიდენტი: მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები… სამწუხაროდ.

ისე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით?

პრეზიდენტი: ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი საზოგადოება სვამს: – ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] ისაა, რაც მათ [მთავრობას] ნამდვილად სურს, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია?

ეს გადამწყვეტი მომენტია. ფიქრობთ, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი, აშშ საკმარისად გულისხმიერი და მხარდამჭერია ამ მომენტში საქართველოს მიმართ?

პრეზიდენტი: ასე არ ვფიქრობ და მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე 5 წელია პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში, მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები – იქნებოდა ეს [აშშ-ს] პრეზიდენტთან, თუ ვიცეპრეზიდენტთან… სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო.

რისი აღიარება?

პრეზიდენტი: აღიარება იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ეს ის რიტორიკა, რომელსაც აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, თუმცა ამის გამეორება უმაღლეს დონეზე საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანი იქნება.

რა მოხდება თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს?

პრეზიდენტი: ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება.