პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცოტნე გამსახურდიაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიქნიუს“ უწოდებს

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ფეიქნიუსს“ უწოდებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას, თითქოს ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში სრულ იზოლაციაში ჰყავთ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთის მიხედვით, მასთან დედამისის, მანანა არჩვაძის გარდა, არავის უშვებენ.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ფეიკ ნიუსს” უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა. ეს აბსოლუტური ფეიკ ნიუსია.“ – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის თქმით, ცოტნეს თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მანანა არჩვაძე გამსახურდიამ მისი იზოლირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

„უკვე სამი კვირაა, ამაოდ ვცდილობთ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ. 3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს“. – ნათქვამია განცხადებაში.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის თქმით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთან მისი ჯანმრთელობის ფაქტობრივ მეთვალყურედ მისი ქონებით დაინტერესებული და მასთან ქონებრივ სასამართლო დავებში არსებული პირის ყოფნა, (რომელთანაც საყოველთაოდ ცნობილ მკვეთრ კონფრონტაციულ ურთიერთობაშია) ყოვლად დაუშვებელია.

„მით უმეტეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცოტნე გამსახურდიას დაენიშნა კანონიერი მხარდამჭერი, რომელთანაც ცოტნე ,„კოლხურ კოშკში“ ცხოვრობდა ბოლო წლების განმავლობაში მისი ჰოსპიტალიზაციის წუთამდე. ისიც აღსანიშნავია, რომ ცოტნეს კანონიერი მხარდამჭერი, ცოტნეს სამოქალაქო მეუღლე ანა ჯაბაური არის ექიმი, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. მაშინ, როცა ცოტნე გამსახურდია მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ მისი მკურნალობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კონტროლს იმ ადამიანების მიერ, რომელთა მიმართაც უნდობლობას თავად საჯაროდ აფიქსირებდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნეს ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება“, –ნათქვამია განცხადებაში.