„პრინციპით – „ჯერ ქართული” მოხდება ქართული პროდუქციის გამოყენება პირველ რიგში და ამგვარად საქართველოს მოქალაქეების დასაქმება”, – პარტია „საქართველოსთვის” წევრმა გიორგი აბაშიშვილმა პარტიის პროგრამულ ხედვებზე ბათუმში ისაუბრა.
მისი თქმით, მათ პროგრამაში დიდი ნაწილი ეთმობა ეკონომიკურ განვითარებას, პრიორიტეტული მიმართულება უმუშევრობა და სიღარიბე იქნება.
აბაშიშვილის თქმით, მათი პარტიის პროგრამა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიეტირებული.
„ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ისეთი ეკონომიკური სისტემის ფორმირება და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც ავტომატურად აუცილებელია რომ შემდგომ მივიდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე.
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ინვესტიციების ხელშეწყობა. გვაქვს კონკრეტული პაკეტი და შეთავაზება ინვესტორებისთვის რამდენიმე მიმართულებით. ეს შეეხება ერთი მხრივ საგადასახადო შეღავათებს, რიგ შემთხვევაში – სუბსიდირებასაც კი, თუკი ინვესტორი შექმნის ახალ პროდუქციას, რომელიც იქნება ექსპორტზე ორიენტირებული.
მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ჩვენ გვაქვს დანერგილი პრინციპი – „ჯერ ქართული“ – რაც გულისხმობს, რომ ინვესტორი, რომელიც საქართველოში განახორციელებს ინვესტირებას, შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის შემთხვევაში – ამ პრინციპით მოხდება ქართული პროდუქციის გამოყენება პირველ რიგში და ამგვარად საქართველოს მოქალაქეების დასაქმება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის თქმით, ეს პრინციპი ავტომატურად გულისხმობს, რომ მნიშვნელოვანწილად შემცირდება უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი.
დღეს პარტიამ „საქართველოსთვის“ ბათუმში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა. გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმის ოფისს ირაკლი თავდგირიძე, ხოლო აჭარის მიმართულებას ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს.
]