პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების 3 ორგანიზატორის და 2 სხვა პირის მიმართ დევნა დავიწყეთ

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სააგენტოსთან, ევროჯასთთან და გერმანიის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს ე.წ ქოლცენტრის 3 ორგანიზატორის, 1 – ორგანიზებული ჯგუფის წევრის და 1 იურიდიული პირის მიმართ.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი.

ქოლცენტრის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ გერმანიის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად კი დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.

პროკურატურა აცხადებს, რომ უკანონოდ მოპოვებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის საბანკო ანგარიშებზე მრავალჯერადი ფიქციური ტრანზაქციების შედეგად, თანხის ჩართვა ხდებოდა ეკონომიკურ ბრუნვაში სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.

ამ სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ხსენებული  ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურისვე ცნობით, დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონული სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ.

პროკურატურა  ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალი ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე წარედგინათ.